ნარკოტიკები ბერს ეკუთვნოდა – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

0
246

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონის უფლებადამცველის, ჯიტა გულუას განაცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იყო, ბერს ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა.

„მალანია დამატებით დაკითხეს იმის გათვალისწინებით, რომ მამაომ მისცა ჩვენება, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მალანიას რომ ეკავა იმ ჩანთაში აღმოჩნდა, მე მეკუთვნისო და შესაბამისად, ის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ჩანთაში იდო, ჩემიაო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს დაზუსტდა, მალანიამ დაადასტურა, რომ რეალობაში, ჩანთა მამაოსგან მიიღო, რომელიც მას თხოვდა თბილისში წაეღო. ის, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებები იყო მოთავსებული, წარმოდგენაც არ მქონდაო, თუმცა როდესაც მამაომ გადმომცაო, მთხოვა განსაკუთრებული ყურადღებაო მიმექცია, რამეთუ მოგეხსენებათ, ხდება ხოლმე, ნივთები იკარგება გზაში, არანაირად არ უნდა მოხდეს სხვის ხელშიო.
როდესაც პოლიცია მოვიდა და მითხრეს, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით ჩხრეკა უნდა ჩაგიტაროთო, თავიდანვე განვუცხადე თანხმობა, არანაირად არ მეეჭვებოდა თავიო, თუმცა, რომ გამახსენდა მამაოს განსაკუთრებული გაფრთხილებები, ვიფიქრე, სწორედ იქ იქნებოდა ეს ნარკოტიკული ნივთიერებაო. ვუთხარი პოლიციელებს, რომ ამ ჩანთაში დევს ნივთები, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება უნდა იყოს.
მერე როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ვთქვიო, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება და ჩანთა მე მეკუთვნოდაო, რამეთუ მამოსთან გასაუბრების საშუალება არ მქონდაო, თან მამაოს ვიცნობ კარგა ხანიაო და ვერანაირად ვერ დავუკავშირეო ნარკოტიკების კუთვნილება მასთანო, რამეთუ დაფასებული და მოკრძალებული ადამიანია ჩემს თვალშიო. ვიფიქრე, რადგან ამოიღეს ფაქტია და ვიტყვი ჩემია, გამოძიების შემდეგ კი ყველაფერი გაირკვევაო“, – განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.