ირაკლი ოქრუაშვილი ძველი ადვოკატის დაბრუნებას ითხოვს

0
204

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად ესწრება, განაცხადა, რომ მისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის დაბრუნება სურდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ირაკლი ოქრუაშვილს განუცხადა, რომ მას ადვოკატის აცილების მოთხოვნის მიზეზი არ დაუსახელებია და მოითხოვა, ახლა ეთქვა.

„უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა ასე აღარ მოვიქცევიო”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამის შემდეგ, მოსამართლემ მისი ვინაობის დადგენისას კითხვა დაუსვა განათლებასთან დაკავშირებით.

„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ განუცხადა, რომ კითხვებზე პასუხი სერიოზულად გაეცა.

„ცინიზმის და ირონიული დამოკიდებულების გაგრძელებას არ გირჩევთ, არ გააგრძელოთ”, – განაცხადა მოსამართლემ, რასთან დაკავშირებითაც, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ „სტილი აქვს ასეთი”.

„შენიშვნას გაძლევთ, ამის შემდეგ, იძულებული ვიქნები გაგაძევოთ, ამიტომ კითხვებზე პასუხი გამეცით”, – განაცხადა მოსამართლემ.

ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა. ის პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას გზავნიდა, რომელშიც ოქრუაშვილის სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.