ჩინეთი ეკონომიკის გადასარჩენად „სუპერღორს“ ქმნის

0
323

„ჩინეთში, სადაც ღორის ხორცი ძალიან უყვართ და კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, ცდილობენ ამ შინაური ცხოველის გენეტიკურად მოდიფიცირებული ჯიში გამოიყვანონ, რომელსაც არ შესცივა მკაცრ ზამთარში და იმუნიტეტიც ექნება აფრიკული ჭირის მიმართ“, – ნათქვამია სააგენტო Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში.

სავაჭრო ომების, მოსახლეობის სწრაფი ზრდისა და რესურსების შემცირების პირობებში, აგრეთვე იმ დროს, როცა ჩინეთს, აშშ-ს და ღორის ხორცის სხვა მომხმარებლებს და ექსპორტიორებს „ღორის ჭირის“ ეპიდემია ემუქრება, როცა აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რიგი სახელმწიფოების მთავრობებმა „დახმარებისათვის“ გენურ ინჟინერიას მიმართეს – სუპერღორის შექმნის მიზნით.

„ექსპერიმენტების საშუალებით მკვლევარებს გამოჰყავთ ისეთი ღორები, რომლებსაც უფრო მეტი კუნთოვანი ქსოვილი აქვთ და ცივი ზამთრის ყინვებისადმი უფრო გამძლეა (მათი ცხიმოვანი ფენა ნაკლებია, სითბური ცვლა კი უკეთესი). გარდა ამისა, მეცნიერები ცდილობენ ღორებს იმუნიტეტი ჰქონდეთ სასიკვდილო ვირუსების მიმართაც, კერძოდ, აფრიკული ღორის ჭირის მიმართაც“, – განმარტავს სააგენტო.

ღორების იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე ექსპერიმენტები ევროპაშიც ტარდება, მაგალითად, როსლის ინსტიტუტში მეცნიერებმა მოახერხეს და ისეთი ღორის ჯიში გამოიყვანეს, რომელიც ჭირის მიმართ გამძლეა და იშვიატად ავადმყოფობს. სხვათა შორის, 1996 წელს სწორედ ამ ინსტიტუტში იქნა კლონირებული მსოფლიოში პირველად ძუძუმწოვარა ცხოველი – ცხვარი, სახელად დოლი.

„ღორის ჭირის“ ვირუსით დაავადების გამო, ჩინეთში 2018 წლის აგვისტოდან ღორების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ეპიდემიამ ღორის ხორცზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. დაიწყო იუანის ინფლაციაც, რომელმაც 3,8%-ს მიაღწია, რაც მაქსიმალურია 2012 წლიდან.

შეიძლება ითქვას, რომ ღორების ავადმყოფობამ ჩინეთის ეკონომიკას საკმაო ზიანი მიაყენა. როგორც ჩანს, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის მესვეურებმაც იმედის თვალი სუპერღორის შექმნის პროექტს მიაპყრეს.

 

წყარო: https://www.bloomberg.com/news/videos/2019-12-04/china-s-race-to-create-super-pigs-video