„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

0
191

დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმარება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

4 დეკემბერს უმრავლესობაში შეხვედრა გამართეს, სადაც 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, პარლამენტში 10-მა ადამიანმა, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ხუნდაძემ ასევე თქვა, რომ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამ საკითხის პრინციპული წინააღმდეგია.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში კანონპროექტი ოპოზიციასაც აქვს დარეგისტრირებული.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.