მამუკა მდინარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

0
213

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ და კარლ ჰარცელმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო თემატიკის საკითხები და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმდინარეობა მიმოიხილეს.

მამუკა მდინარაძემ ევროპელ დიპლომატს პარლამენტის მიმდინარე საქმიანობის ძირითადი გამოწვევები გააცნო და ყურადღება იმ ათ თემატურ საკითხზე გაამახვილა, რომელიც საშემოდგომო სესიის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დასახელდა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც საქართველოს ეხება. საუბარი შეეხო სასამართლოს რეფორმას, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, რომლებიც საარჩევნო მიმართულებებს ეხება და რომლის უდიდეს ნაწილს ჩვენ ვასრულებთ. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკურ მოვლენებზე და იმ დიალოგის ფორმატზე, რომელიც უკვე დაიწყო და მისი გაგრძელების პერსპექტივები განვიხილეთ. ევროპელ დიპლომატს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საშემოდგომო სესიის დასაწყისში გაცხადებულ 10 მთავარ გამოწვევის შესახებ ინფორმაციაც მივაწოდე. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები, რომელზეც ჩვენ ევროპელ პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით, დამატებით მოტივაციას და სტიმულს გვიჩენს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენს შორის პარტნიორობა და ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ვიყოთ კიდევ უფრო ღია და ასევე მოვისმინოთ მათ რეკომენდაციებს. ეს ყოველივე კი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მის უკეთეს მომავალზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.