სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო და სასერფიტიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება – ჯანდაცვის სამინისტრო

0
228

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო და სასერფიტიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება.

შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება 40 ლარი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 60 ლარი იქნება. როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა, საკვალიფიკაციო გამოცდაზე სულ 1599 პირია რეგისტრირებული, ხოლო 501 პირი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თანხის განახევრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარჯზე მოხდება. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად კი სამინიტრო გამოცდამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მოხდა შეთანხმება ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების დანახარჯების გადანაწილების შესახებ.

ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე, სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს,”-აცხადებენ სამინისტროში.

რეზიდენტურაში სწავლის მსურველებმა გუშინ, 3 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ფასიანი გახდა. მათი თქმით, რეზიდენტურაში სწავლა, რაც რეალურად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას გულისხმობს, ისედაც ფასიანია და გამოცდაზე გასვლაში ფული არ უნდა გადაიხადონ.