გიორგი გახარია სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდება

0
277

სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელები დღეს 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხვდებიან. „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის“ ალექსანდრე ალადაშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხება 520-ე დადგენილებას.

ცნობისთვის,  „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ“ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა, რომელსაც ხელს რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი აწერდა.

კარდიოლოგთა ასოციაციამ პრემიერ მინისტრს თხოვნით მიმართა.

“გთხოვთ:

1.შეაჩეროთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების მოქმედება

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების შემადგენლობით შეიქმნას კომისია, რომელიც დაითვლის რეალურ დანახარჯებს და დაადგენს ადეკვატურ ტარიფებს.

3. კათეტერული აბლაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის და არა მხოლოდ #165 და #218 დადგენილებით მოსარგებლეებისთვის,” – აღნიშნულია ასოციაციის ღია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე და ის ძალაში 21 ნოემბერს შევიდა. კლინიკების ნაწილი მთავრობის წინააღმდეგ ამ საკითხზე საჩივარსაც კი ამზადებდნენ.