ომბუდსმენი -კონტრაქციები და ძალადობრივი დაპირისპირება ქვეყანას ღრმა კრიზისში შეიყვანს

0
203

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რაც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის“.

სახალხო დამცველმა აქციების დროს პოლიციელების ქმედებებიც შეაფასა:

„ჩვენ ვხედავთ არა მარტო ამ აქციებზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც აქციებს სხვადასხვა საკითხზე მართავდნენ. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს. თუ შესწავლის შედეგად დავინახავთ, რომ პოლიციელთა მხრიდან იყო უმოქმედობა და არასათანადო რეაქცია, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაბამისი რეაგირების ზომებს“

მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 3 დეკემბერს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცველი დაშავდა.

გუშინ დაპირისპირება და ხმაური იყო ქობულეთში, ქუთაისსა და მცხეთაში. ასევე ქობულეთის მერიაში ერთმანეთს ქალაქის მერი მირიან ქათამაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

ხმაურიანი დაპირისპირება  და სიტყვიერი დაპირისპირება ქუთაისში აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მასთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვეს. დაპირისპირება მოხდა მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთანაც, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.