ნაპოლეონი ტანდაბალი არ ყოფილა, რასაც მისი ჩექმების ზომა ადასტურებს

0
581

„ფრანგთა ტანმოკლე ფაშათ-ფაშა“ – ასე მოიხსენიებდნენ ქართველი მწერლის, უიარაღოს (კონდრატე თათარიშვილის) მოთხრობაში ეგვიპტელი მამლუქები საფრანგეთის იმპერატორს, ნაპოლეონ ბონაპარტეს.

ნაპოლეონის სიმაღლე არაერთხელ გამხდარა დავის საგანი – არსებობს არაერთი ვერსია, თუ რატომ მიიჩნევდნენ ნაპოლეონს ტანდაბალ ადამიანად. ბოლო დროს, დიდი კორსიკელის სიმაღლესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია გააჟღერეს.

პარიზის Drouot-ის აუქციონზე ნაპოლეონის ის ჩექმები გამოიტანეს გასაყიდად, რომლებსაც იმპერატორი, სავარაუდოდ, წმინდა ელენეს კუნძულზე, გადასახლებაში ატარებდა. სასტარტო ფასი – 50 – 80 ათას ევროს შეადგენდა.

აუქციონისტ ალექსანდრე ჟიკეიოს თქმით, ჩექმების ზომა ადასტურებს, რომ მისი მფლობელის სხეულის ზომის შესახებ არასწორი, მცდარი წარმოდგენები არსებობს.

„აი, თქვენს წინაშეა წყვილი ჩექმა, ცხენზე ამხედრებული ადამიანისათვის, რომლებიც ძალზე მაღალხარისხიანი ტყავისაგანაა დამზადებული და მათი ზომა თანამედროვე 40-ს შეესაბამება. დღეს ითვლება, რომ იმპერატორი დაბალტანიანი იყო, რაც აბსოლუტურად არასწორია – მისი სხეულის სიმაღლე იყო 1 მეტრი და 69 სანტიმეტრი იყო, რაც სავსებით ნორმალურად ითვლებოდა იმ დროისათვის. ნაპოლეონ ბონაპარტის ტანმოკლეობა ინგლისური პროპაგანდის ნაყოფია. ინგლისურ კარიკატურებზე საფრანგეთის იმპერატორი პატარა გოდორა ჩასუქებულ კაცად არის წარმოსახული შედარებით უფრო მაღალ პირებს შორის, რაც ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამბობს ალექსანდრე ჟიკეიო.

როგორც სპეციალისტები თვლიან, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ჩექმებს ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე (მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ აკვატორიაში, მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთს) გადასახლების დროს ატარებდა. იგი იქვე გარდაიცვალა 1821 წელს. ჩექმები საფრანგეთში ჩაუტანია დამხობილი იმპერატორის ადიუტანტს, გენერალ ანრი ბერტრანს, რომელიც ნაპოლეონს თან ახლდა გადასახლებაში. ეს ფაქტი, აგრეთვე იმ პარიზელი მეჩექმის (ხარაზის) დამღა, ვისთანაც ნაპოლეონი ფეხსაცმელებს იკერავდა ხოლმე, ჩექმების აუტენტურობას დამაჯერებლად ადასტურებს.

„ჩექმები ნაპოლეონის სახის განუყოფელი ნაწილია, როგორიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი – შლიაპასთან და სერთუკთან ერთად“, – ამბობს აუქციონისტი.

დიდი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწის ჩექმები 29 ნოემბერს 117 208 ევროდ გაიყიდა… ანუ ბევრად უფრო ძვირად, სასტარტო ფასთან შედარებით: „იმპერიის მოყვარულთა რიცხვი ისევ საკმაოდ დიდია“, – აღნიშნეს აუქციონის ორგანიზატორებმა.

წყაროები:

https://ru.reuters.com/article/oddlyEnoughNews/idRUKBN1Y30R9-ORUOE

https://www.rosbalt.ru/world/2019/11/30/1815994.html