ჰააგის სასამართლოს პროკურორი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლოს მიიღონ

0
265

ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და არ არის გამორიცხული, რომ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგი დადგეს, – ამის შესახებ ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.