ელჩებმაც დაინახეს, რომ რეალურად „გერმანულ მოდელს“ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება – არჩილ თალაკვაძე

0
285

მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო მოდელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 30 ნოემბერს ოპოზიციასთან შეხვედრისას ელჩებმა დაინახეს, რომ რეალურად „გერმანულ მოდელს“ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.

„ჩვენ, უკვე დავსხედით მაგიდასთან და ვსაუბრობთ ოპოზიციასთან. როგორც ნახეთ, წინა ფორმატში წარმოდგენილი იყვნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე პარლამენტის სხვადასხვა მოწვევის თავმჯდომარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია. ჩვენ დავიწყეთ საუბარი. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე. სხვა შესაძლებლობები ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებისას უფრო კონკურენტული, უფრო გამჭვირვალე და თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე ოპოზიციასთან სასაუბროდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.