საქართველო ამბოხებულთა ქვეყანაა – გერმანული მედია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ

0
272
Police fires a water cannon against protesters demanding the government's resignation and early parliamentary polls outside the parliament in Tbilisi on November 18, 2019. (Photo by Vano SHLAMOV / AFP) (Photo by VANO SHLAMOV/AFP via Getty Images)

გერმანული სამაუწყებლო კომპანიების გაერთიანება ARD-ის ერთ-ერთი სტრუქტურა – „ტაგესშაუ“-ს (Tagesschau – ახალი ამბების მიმოხილვა) საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ საინტერესო მასალას აქვეყნებს, საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით: „ოლიგარქი და ამბოხებულები: დაპირებების შეუსრულებლობის გამო საქართველოში მთავრობისადმი უკმაყოფილება ძლიერია, მაგრამ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციას მაინც არაფერი გამოუვა“ (ავტორი სილვია შტოიბერი).

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

„საქართველო ამბოხებულთა ქვეყანაა. 16 წლის წინათ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინეს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ქვეყნის სწრაფი მოდერნიზების გზაზე დემოკრატიზაციის განვითარება ჩამორჩებოდა, მალე პროტესტები განახლდა.

2012 წელს, როგორც იქნა, მოსახლეობის ნებამ წარმატება მოიტანა: ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ  უკმაყოფილოები გააერთიანა  და „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ურნებთან გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ რად გინდა – დიდი ხანი არ გასულა, რომ საზოგადოებაში კვლავ პროტესტები მომწიფდა. ბოლო დროს კი, აგერ უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს დედაქალქში, პარლამენტის წინ, მიტინგები პერმანენტულად მიმდინარეობს.

მდიდარი და ძლიერი

ბევრი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას ბოლო წლებში მომხდარ რყევებს უკავშირებს. მართალია, საქართველო დღეისათვის ფორმალურად უკვე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს წარმოადგენს, დემოკრატიული ინსტიტუტებით, მაგრამ აშკარაა, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით (მისი ქონება 4,9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის წლიური შემოსავლების ტოლფასია) სახელმწიფოზე ზეგავლენას ახორციელებს.

ბიძინა ივანიშვილს რაიმე ოფიციალური სამთავრობო თანამდებობა არ უკავია, მაგრამ იგი მტკიცედ აკონტროლებს მის მიმართ ლოიალურად განწყობილ მინისტრებს, დეპუტატებს და მოსამართლეებს. ამჟამად საქართველოს ტელეარხების უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერ საინფორმაციო კურსს ახორციელებს. თავის მხრივ, სოციალური მედია, სამოქალაქო საზოგადოება  და ოპოზიცია ხელისუფლებისადმი კრიტიკული რჩება. ამასთან, იმის იმედი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა შეიცვლება, მაინცდამაინც არ არსებობს. უიმედობა ასევე უკავშირდება იმასაც, რომ მმართველი პარტია ამჟამად არსებულ საარჩევნო სისტემას არ თმობს.

ივნისში გამართული ფართო პროტესტების შემდეგ მთავრობამ ყველა სადეპუტატო მანდატისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების დაპირება დადო, მაგრამ როცა გასულ თვეში შესაბამისი კანონპროექტის მიღების დრო დადგა, კენჭისყრის დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. მოკლედ, „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებამდე შეცვალოს. ამრიგად, რჩება მხოლოდ არსებული სიტუაციის გაპროტესტება, იქნებ რაიმე შედეგი მოიტანოს.

„ყველა ერთის წინააღმდეგ“

მთავრობა ოპოზიციას მკაცრად უპასუხა: პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა, შენობის შესასვლელებთან ახლო-მახლო ქუჩები კი რკინა-ბეტონის ფილებითა და ავტობუსებით ჩახერგა.

არადა, ასეთი მოქმედებით მთავრობა ოპოზიციას ალიანსის შექმნისაკენ უბიძგებს, რაც საქართველოში საკმაოდ იშვიათად ხდება. დღეს გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში ვხედავთ ცვალებადი პოზიციის მქონე ნინო ბურჯანაძესაც, რომელიც ადრე მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, თუმცა დღეს პრორუსულადაა განწყობილი.

ისინი ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდიან ლოზუნგით „ყველა ერთის წინააღმდეგ“, მაგრამ როგორ ეფექტურადაც არ უნდა წარმოიჩინონ მათ პოლიციის წყალმტყორცნისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ფართო სახალხო ამბოხის ინიცირება მათ დღემდე ვერ შეძლეს.

ხელისუფლებისათვის ბრძოლა იფიტება

მთავრობისადმი წინააღმდეგობა იფიტება, რაც დაკავშირებულია საკმაოდ რთულ საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნასთან: მართალია, ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ მხარდაჭერა მცირდება, მაგრამ იმავდროულად არც ოპოზიციურ პარტიების მომხრეთა რაოდენობა არ იზრდება. ყველაზე მეტია მოყოყმანე ამომრჩეველია.

აშკარაა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა („ნაციონალურმა მოძრაობამ“) თავიანთი რეპუტაცია საკმარისად ვერ გააუმჯობესეს. ისინი ორ პარტიად გაიყვნენ, [მაგრამ მაინც სახელგატეხილად ითვლებიან]. თვითონ მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოში დაბრუნდება, მაგრამ მას იქ დაპატიმრების ორდერი ელოდება.

ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მონაწილე სხვა პარტიებს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის წინაშე წამოჭრილი კითხვების პასუხები არ აქვთ: ამომრჩეველს აწუხებს უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და კერძო მეურნების მოწყობის მიზნით აღებული [საბანკო] ვალების გასტუმრება.

არჩევნები და ფინანსები

ახალგაზრდა აქტივისტების განცხადებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიბერტარიანული რეფორმებში კორექტივების შეტანით გამოსწორდეს. ეს ეხება, მაგალითად, დასაქმებულთა უფლებების დაცვას, თუმცა ამგვარი მოსაზრებები ფართო მოსახლეობის ყურს არ წვდება.

ზოგიერთი მემარცხენედ განწყობილი აქტივისტი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მოძრაობას შეუერთდა – მიუხედავად იმისა, რომ ბანკირის მიმართ სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკულადაა განწყობილი: მას პროკურატურა ბრალს სდებს „ფულის გარეცხვაში“, თუმცა ბევრი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ ინტერესებს ხედავს. რა სურს მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელოს“, ხელისუფლების ცვლილების გარდა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. მართალია, ბანკირსაც დიდი ფული აქვს, მაგრამ ის სიმდიდრით და ფინანსური შესაძლებლობებით ბიძინა ივანიშვილს მაინც ბევრად ჩამოუვარდება.

საეჭვოა, რომ საქართველოშიც ისე მოხდეს, როგორც მეზობელ სომხეთში 2018 წელს მოხდა, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა განხორციელდა: იქ საპროტესტო აქციების ხელმძღვანელებმა მტკიცედ ჩამოაყალიბეს თავიანთი მოთხოვნები, მიტინგების კარგი ორგანიზება მოახდინეს და მათში მოსახლეობის ფართო მასები ჩააბეს.

სომხეთისაგან განსხვავებით, საქართველოში მოსალოდნელია, რომ არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფინანსურ ქველმოქმედებას განახორციელებს. აშკარაა, რომ ოპოზიცია ვერ გაუძლებს [დეზინფორმაციის კამპანიას]. გარდა ამისა, მათ რიგებში ლიდერობისთვის პიროვნული კონფრონტაცია შეიმჩნევა. არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ, მემარჯვენე ნაციონალისტურმა „პატრიოტთა კავშირმა“ ივანიშვილის პარტიის მხარე დაიკავოს.

მოსახლეობას აქციების გაგრძელება დიდ [ეკონომიკურ] სტაგნაციამდე მიიყვანს, საზოგადოებაში კი პოლარიზება გაგრძელდება. ეს ყველაფერი საქართველოს უფრო მოწყვლადს გახდის რუსეთის (ან სხვა ქვეყნების) მხრიდან, გავლენის გაფართოების მცდელობების თვალსაზრისით“.

 

წყარო:  https://www.tagesschau.de/ausland/georgien-protest-113.html