პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, „ოცნება“ შეეცდება მოსამართლეთა სია „გააპაროს“ – ანა დოლიძე

0
183

„უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს“,- ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატები ხმაურის გარეშე დაამტკიცოს.

„დიდიხანია, დაყენებული მაქვს მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი, სია უნდა ჩავარდეს. დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, კლანის მიერ წარდგენილი სიიდან, თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ესაა, ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს წევრთა პალატა. არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, გააპაროს მოსამართლეთა სია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ის შეეცდება ხელისუფლებას ხელი კანონიერი გზებით შეუშალოს:

„ვაპირებ, არ დავუშვა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვაპირებ, მოვახდინო საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზება. ნუ გაწირავთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. ვმობილიზდეთ და მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ პარლამენტარებზე ამ თემის ირგვლივ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.