გერმანული მედია – დაპირებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოში მთავრობისადმი უკმაყოფილება ძლიერია, მაგრამ ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციას მაინც არაფერი გამოუვა“

0
227

„საქართველოში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს იმის გამო, რომ მთავრობას საარჩევნო სისტემის რეფორმირება არ სურს, თუმცა დემონსტრანტებს მხოლოდ ეს არ აწუხებთ“, – ნათქვამია გავლენიან გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით რისხვა მიცემული სიტყვის გატეხვის გამო“ (ავტორი – ფრიდრიხ შმიდტი).

ვრცელ პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზები და ქრონიკა – აქციის ძალისმიერი აღკვეთა პოლიციის სპეცრაზმის, მიერ, დაკავება-დაპატიმრებები და ა.შ. „ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა განრისხებულია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უარის გამო, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, ბიზნეს-მაგნატი ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა და არ შეასრულა. ფაქტიურად სწორედ ის მართავს სახელმწიფოს“, – წერს ავტორი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი და აღნიშნავს, რომ შემოდგომის აქციები ზაფხულის აქციების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წარმომადგენელს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება მისცა – იმ რუსეთისა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 1/5 ნაწილი აქვს ოკუპირებული, ე.წ. „საზღვარს“ ქვეყნის სიღრმეში სწევს და ადამიანებს „საზღვარზე“ უკანონოდ აპატიმრებს. ბოლო დროს ერთ-ერთ ასეთ აღმაშფოთებელ მოვლენას წარმოადგენს ცნობილი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება წარმოადგენს, რომელიც ცხინვალში ავადმყოფის სამკურნალოდ ჩავიდა.

ავტორი მოვლენებისა და ფაქტების გადმოცემისას ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ოპოზიციის სხვა ბრალდებებზე მმართველი პარტიის მიმართ – მაგალითად, გასული წლის ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაშვებული უხეში დარღვევების გამო, რაც უცხოელმა დამკვირვებლებმაც აღნიშნეს: „მიჯნა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის თითქმის წაშლილია“, – ციტირებს ავტორი ფრაზას ეუთოს დელეგაციის დასკვნიდან.

„ის, რომ ხელისუფლების ცენტრი ბიძინა ივანიშვილთან არის, ანუ ფორმალურად მთავრობისა და პარლამენტის გარეთ, საქართველოსთვის სიკეთე არ მოაქვს. პარტიის ლიდერმა მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა, რომელიც თითქმის ქვეყნის ბიუჯეტის ტოლია, შესაბამისად, მას [სახელმწიფოზე გავლენის მოხდენა შეუძლია]. ბოლო დროს ლიდერის მოქმედებამ მმართველ პარტიაში კონფლიქტი გამოიწვია: მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო „ქართული ოცნება“ რიგმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა დატოვეს. ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა, უპირველესად კი ევროკავშირმა და ნატომ, რომელში გაწევრიანებისკენაც საქართველო ისწრაფვის, შეშფოთება გამოხატეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს და ამის დამადასტურებლად ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის გამოკითხვების შედეგებზე: 68%-ის აზრით, „ქვეყანა არასწორად ვითარდება“. გაზეთის კორესპონდენტი იმასაც წერს, რომ  ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის საგარეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გამო რთულ სიტუაციაშია – „რუსოფობიის“ გამო ავიამიმოსვლის აკრძალვამ საქართველოს ეკონომიკას ზიანი მიაყენა.

„თუმცა ოპოზიციაც სუსტია: მართალია, დაუსწრებლად გასამართლებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს თავისი პარტია საზღვარგარეთიდან წააქეზოს, მაგრამ თვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ერთიანი აღარ არის – მას წევრების ნაწილი „ევროპული საქართველოს“ სახით ჩამოსცილდა. დღეისათვის, იმავე გამოკითხვების მიხედვით, სააკაშვილის პარტიას მხარს უჭერს 15%, ივანიშვილისას კი 25%. შუალედური ძალა, რომელსაც „ძლიერ ფიგურებს“ შორის დილემის როლის შესრულება შეეძლო, ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ ჩანს“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/warum-in-georgien-tausende-auf-die-strasse-gehen-16508700.html