ქვეყანას სჭირდება და პროცესს სჭირდება, რომ დიალოგი არსებობდეს – გიგი წერეთელი

0
197

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელება პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს.

„თავისთავად ის, რომ შეხვედრა შედგა და იყო გარკვეული ცივილიზებული დისკუსია, რა თქმა უნდა, ეს არის, მე ვფიქრობ, სწორი. ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს პირველ რიგში, რომ პროცესები სწორედ ამგვარად განვითარდეს და არა ის, რომ გვქონდეს მუდმივი პროტესტი. და ეს პროტესტი სამართლიანია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს იყო სწორედ ხელისუფლების დაპირება. ოპოზიცია გააგრძელებს პროტესტს, მაგრამ ამავე დროს ბუნებრივია, ქვეყანას სჭირდება და პროცესს სჭირდება, რომ დიალოგი არსებობდეს. ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად უნდა ხვდებოდეს თავის პასუხისმგებლობას მთელ ამ ვითარებაში”,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა მედიასთან დღეს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.

„ოპოზიციის გეგმა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის გეგმა არის ის, რომ ჰქონდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ნორმალური სისტემით და ეს სისტემა არის პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ გეგმის მისაღწევად ალბათ კიდევ უფრო დაზუსტდება ნაბიჯები, იქნება პროტესტიც, მაგრამ ეს არის კარგი. ოპოზიციას აქვს რესურსი, რათა ჰქონდეს კომპეტენტური დიალოგი ორიენტირებული გადაწყვეტილებაზე და არა დროის გაწელვაზე და დროის მოგებაზე“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.