მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა – ელიზაბეთ რუდი

0
233

მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, თუმცა მთავარი ის არის, რომ მთავრობაც და ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდება.

„შეხვედრის დაწყებამდე მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ დაიწყებოდა დიალოგის ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. სიამოვნებით ვამბობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, დიალოგი შედგა. ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, თუმცა ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. რაც მთავარია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე შევთანხმდით. ამაში მთავრობა და ოპოზიცია თანხმდებიან. აშშ და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში მოანწილეობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუდმა.

სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.