გულის დაავადებებზე არასწორი მითების გამო ქალები გულის შეტევით ხშირად კვდებიან

0
203

ქალების გარკვეული ნაწილი, რომელსაც გულის შეტევა აწუხებთ, კვდება იმის გამო რომ ამ დაავადების სიმპტომებთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ და ამასთან, კაცებთან შედარებით ცუდ დახმარებას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

10 წლის განმავლობაში ინგლისსა და უელსში გულის შეტევის შედეგად, არასაკმარისი დახმარების მიღების გამო, 8000-ზე მეტი ქალი გარდაიცვალა.

ექსპერტების განცხადებით, დიაგნოსტირებაში, მკურნალობასა და მკურნალობის შემდეგ მოვლაში კაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობაა. 

“გაუაზრებელი ცრურწმენები ქალების გადარჩენის შანსებს ამცირებს”, – წერია ანგარიშში.

აღმოჩნდა, რომ ფართოდ გავრცელებული ზოგადი მითები, მაგალითად როგორიც არის – გულის შეტევა და გულის დაავადებები კაცებისთვის დამახასიათებელი დაავადებებია – ნიშნავს, რომ ქალები გაცნობიერებულები არ არიან ამ რისკების შესახებ და არ ჩქარობენ სამედიცინო დახმარების მიღებას. 

ასევე არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ქალებს და კაცებს გულის შეტევების განსხვავებული სიმპტომები აქვთ. თუმცა კვლევებით დასტურდება, სიმპტომებს ადამიანები სხვადასხვანაირად გრძნობენ, თუმცა ყველაზე გავრცელებული გულმკერდის არეში ტკივილია.