„გერმანული მოდელის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოუდგენელია – მამუკა მდინარაძე

0
238

ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გერმანულ მოდელზე“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „გერმანული მოდელის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოუდგენელია.

„გერმანული მოდელი“ – ეს ტერმინი თავადაც გააქრეს და ახლა გადავიდნენ გერმანულის მსგავს მოდიფიცირებულ მოდელზე. პირდაპირ გეტყვით, სრული სისულელეა „გერმანული მოდელის“ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვა 77 უდრის 150-ს. 150-ვე დეპუტატი უნდა აირჩეოდეს „გერმანული მოდელის“ მიხედვით პროპორციული სისტემით და მათ შორის, ხდებოდეს პერსონიფიცირება.

ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. ზოგიერთი იურისტი ტერმინებში ვერ ერკვევა. ისინი პროპორციულის და შერეულის განსხვავებას ვერ გაარკვევენ. ჩვენთან არის 77 და გერმანიაში არის ყველა პროპორციული სისტემით, მათ შორის პერსონიფიცირებული. ამიტომ ეს საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუ მოდიფიცირებაზე საუბრობენ აქაც შეუძლებელია ამაზე საუბარი. იმიტომ, რომ ობიექტურად მოფიქრალი იურისტი ამას ვერ იტყვის. ამიტომ თავადვე აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს ნებისმიერ მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას. სიმართლე ერთია და სიმართლის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზეც ისაუბრა.

„არ ვაპირებთ მარგინალების და გაცვეთილი „კმარელების“ ჭკუაზე სიარულს, მათ შემოთვლებს, რომ იქნებ შევხვდეთ და ამ სიტუაციიდან გავიდეთ. ამაზე რეაგირებას არ ვაპირებთ. ერთადერთი ფაქტორი ჩვენთვის უცხოელი და სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ერთმანეთის პოზიციებს ვითვალისწინებთ. რადგან მათი მხრიდან გარკვეული ინიციატივები არსებობს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ვიფიქრებთ. სხვა შემთხვევაში, გამარგინალებული ჯგუფი უნდა მიუშვა და თავის ამ მარგინალიზაციასა და „კმარას“ გაცვეთილ მეთოდებში თვითონ ჩაიკარგებიან. ირბენენ ცალ-ცალად ღობე-ღობე ვიღაცებს გაეკიდებიან და თვითონვე მიხვდებიან, რომ მარტო არიან დარჩენილნი. ჭკვიანი კაცი მართლა არ ჰყავთ, რომელიც დაარიგებს, რომ ეს შენს მარგინალიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.