მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტები მივიყვანოთ ბოლომდე და მოქალაქეებს შევთავაზოთ დამატებითი სამუშაო ადგილები – გიორგი გახარია

0
243

თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს თქვენი ღირსეული და ეფექტიანი მედიატორი, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის ძირითადი მიზანი და მოტივი.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა. მიუხედავად ამისა, მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად, წყნარად, მშვიდად უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კოლეგებო და გპირდებით, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც განიხილავთ თქვენ და, რომელზეც გამოხატავთ თქვენს ინტერესს, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ღირსეული და ეფექტიანი მედიატორი იმისთვის, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს  ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები შევთავაზოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის პრეზენტაციას – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაესწრო. გიორგი გახარიამ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო. პროექტი 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.