უნდა ვიპოვოთ თემები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წინსვლის საშუალებას მოგვცემს – კარასინი

0
264

საერთო პრინციპებია, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას მივუდგეთ უფრო კონსტრუქციულად და პოზიტიურად, აღმოვაჩინოთ მასში არა აუცილებლად ნეგატივი, არამედ ვიპოვოთ ისეთი თემები, საკითხები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას, – ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კარასინის თქმით, შეხვედრაზე მხარეები შეეცადნენ, ემსჯელათ „იმ უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე, რომელიც თბილისში, ივნისსა და ივლისში ემოციური ხალხის გამოსვლებით შეიქმნა“.

„ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ფორმატის დონეზე განგვეხილა გამოსავლის გზები იმ უსიამოვნო სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა ემოციური ხალხის გამოსვლებით თბილისში, ივნისსა და ივლისში. ამისათვის საჭიროა დაფიქრებული გადაწყვეტილებები, მეტი საუბარი პოზიტივზე. საერთო პრინციპებია, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას მივუდგეთ უფრო კონსტრუქციულად და პოზიტიურად, აღმოვაჩინოთ მასში არა აუცილებლად ნეგატივი, არამედ ვიპოვოთ ისეთი თემები, საკითხები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას, მაგალითად, ჰუმანიტარული კონტაქტები, ვაჭრობა“ ,- განაცხადა კარასინმა.

ამასთან, კარასინი ამბობს, რომ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია შეინიშნება.

„სხვათაშორის, ჩვენ დღეს რეალურ საქმეებზე ვლაპარაკობდით, მიუხედავად არსებული მოვლენებისა. მითუმეტეს, რომ იგრძნობა ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია. მაგალითად, ლარსში მოდერნიზდება გამშვები პუნქტი, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდება და 2 560 სატრანსპორტო საშუალებას გაატარებს დღე-ღამეში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, მაშინ ეს საგზაო არტერია ძალიან ფუნქციონალური იქნება“ ,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მხარეები პრაღაში, დახურულ კარს მიღმა თითქმის სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ.