ინტერნეტის ტოტალური დაბლოკვა ირანში

0
327

ირანში ამ ერთი კვირის წინათ მომხდარი პროტესტების ტალღა ასობით მომიტინგის სიკვდილით დასრულდა. მართალია, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა, მაგრამ ინფორმაციამ 151 მომიტინგის დაღუპვის შესახებ  მაინც გაჟონა, რაშიც დიდი როლი უფლებადამცველებმა შეასრულეს.

ირანი ინტერნეტის გარეშე: როგორ და რატომ?

ირანის მთავრობას ბევრჯერ უცდია სოციალური ქსელების გაკონტროლება, მაგრამ ადრე ამას მხოლოდ წერტილოვანი მეთოდით აკეთებდა, ვთქვათ, მხოლოდ Telegram-ს თიშავდა, ან  Gmail-ს, Instagram-ს, Whatsapp-ს და Facebook-ს, ამ დღეებში კი თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაბლოკვა პირველად მოხდა.

არაკომერციული Netblocks-ის სამსახურის ინფორმაციით, ირანში შემავალი და იქიდან გამომავალი ინტერნეტ-ტრაფიკი 15 ნოემბერს საღამოს მკვეთრად დაეცა და მას შემდეგ აღარ გაზრდილა. ამრიგად, მთლიანობაში ინტერნეტის დაბლოკვა უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. მართალია, ორი დღის წინათ მონიტორინგულმა სააგენტოებმა შენიშნეს, რომ ირანიდან წამოსული ინფორმაციების ნაკადი ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ – ადრე არსებული მოცულობის 8%-ით. „მათავრობამ განაცხადა, რომ სამხრეთ ირანის ქალაქებში პროტესტები არ ყოფილაო და ამიტომ იქაურ მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა ნაწილობრივ აღუდგა“, – ამბობს ფარენ ტაგიზადე, სოციალური ქსელების ანალიტიკოსი „ბი-ბი-სი“-ს სპარსული სამსახურიდან.

ინტერნეტში წვდომა ნაწილობრივ აღუდგა აგრეთვე ზოგიერთ უნივერსიტეტს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ სტაციონარულ და პერსონალურ კომპიუტერებს. მობილური ტელეფონებით ხელმისაწვდომი ინტერნეტი ყველა ქალაქში ისევ გათიშულია