მადლობა პატრიარქს, რომელიც ამდენი უმადურობისა და განსაცდელის მიუხედავად, სიყვარულით არის სავსე – მეუფე დანიელი

0
297

უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სწორედ სარწმუნოებისადმი დაპირისპირებული ადამიანებისათვის და ამაშია ჩვენი გამარჯვების ძალა, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა.

მისი თქმით, პატრიარქის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რომ მან უპასუხა კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ეკლესიასთან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში დაიწყო დიდი პროცესი შემობრუნებისა, უკვე 42 წელია, მიმდინარეობს ეს საოცარი პროცესი და ამის შედეგად, ჩვენ ვხედავთ სულ უფრო და უფრო გაძლიერებას ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი სამღვდელოებისა ჩვენი ერისა. ჩვენ ვხედავთ ასევე, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ სულ უფრო და უფრო გაიზრდება მსოფლიოში დევნა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და სადაც ის ძლიერი იქნება, დევნა კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვხედავთ რომ ეს 42 წელი, ყოველ წელს ჩვენს ეკლესიას და განსაკუთრებით პიროვნებას, რომელსაც ღმერთმა დაავალა ქართველი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაბრუნება, მისი სულიერი განმტკიცება, მას ყოველწლიურად აქვს მრავალი განსაცდელი, მან გამოიარა უმძიმესი ჯვარცმა, ვნება მრავალგზის, მაგრამ ყოველთვის ყოველი ჯვარცმის შემდეგ დგებოდა აღდგომის ჟამი და ჩვენ ვგრძნობდით შვებას, ვგრძნობდით წინსვლას, სიხარულს. წლევანდელი გიორგობა განსაკუთრებულია იმით, რომ ერთ-ერთი ასეთი გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ამ 42 წლის მანძილზე, უწმინდესის მოღვაწეობაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რომელმაც უპასუხა კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ეკლესიასთან, პასუხი გასცა და დაამარცხა ეს შემოტევა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მისივე თქმით, 15 წლის წინ, სწორედ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხდა ამ დიდებული ტაძრის კურთხევა.

„ამ ტაძრით აშენებით ჩვენ დავუბრუნდით, ერთობით დედა ეკლესიას, თუმცაღა ბრძოლა გრძელდებოდა და დღემდე გრძელდება და კიდევ არაერთი განსაცდელი გამოიარა ეკლესიამ, კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ. მადლობა უფალს ამ წყალობისთვის, მადლობა პატრიარქს ამ წყალობისთვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურობისა, განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა დედა ეკლესიის წიაღს და უპირისპირებდა დედა ეკლესიას, მათთვის ლოცულობს. ეს არის აღსრულება ყველაზე მთავარი მცნების „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა“. დიახ, უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სწორედ სარწმუნოებისადმი დაპირისპირებული ადამიანებისათვის და ამაშია ჩვენი გამარჯვების ძალა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს, მათ შორის სხვა რელიგიის აღმსარებლებიც.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რომ მოგვივლინა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს, თქვენ წარმოიდგინეთ არამართლმადიდებლებიც კი, კათოლიკეები და პროტესტანტები, მუსლიმები, იუდეველები. ბოლო ჟამს იზრდება და მატულობს რელიგიის დევნა და ამ დევნის ჟამს სწორედ საქართველოსკენ არის მიპყრობილი კეთილი ნების ადამიანების მზერა. ხედავენ, რომ ხდება რაღაც ისეთი, რაც არის ნიშანი ღვთის დიდებისა. როდესაც ეს ტაძარი იკურთხა, წირვის დროს, საკურთხეველში პატრიარქი თავის ტახტზე ბრძანდებოდა, თეთრი მტრედი შემობრძანდა საკურთხეველში და უწმინდესის ტახტის მარჯვენა მხარეს დაბრძანდა და მთელი დღე იყო მერე ასე. ეს იყო ნიშანი ღვთისა. საოცარია, რომ 15 წლის შემდეგ, დღესაც, როდესაც ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ ტაძრის 15 წლისთავს, კიდევ ერთხელ, ვიდრე მოხდებოდა პურისა და ხორცის გარდაქმნა მაცხოვრის ხორცად და სისხლად, ასევე შემობრძანდა თეთრი მტრედი. ეს ყველაფერი არის ნიშანი ღვთისა და ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ წყალობისათვის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.