ვახტანგ გომელაური – საფრანგეთში ოფიცრების დამატებას ვფიქრობთ, რათა თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა არ მოხდეს

0
176

დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ვახტანდ გომელაურმა საფრანგეთში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას, კრისტოფ კასტანერს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსევროპული ინტეგრაციის პროცესში.

ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების და სამომავლო გეგმების განხილვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში მივლენილი ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

“პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა.

ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ. ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა. ჩვენ მზად ვართ, საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით”, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.