სომეხი ექსპერტი საქართველოში რევოლუციას გამორიცხავს

0
194

„საქართველოს სომხური საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი – მმართველი პარტიის მიერ ეროვნული უმცირესობების მიმართ გატარებული ნეიტრალური პოლიტიკის გამო“, – განაცხადა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტმა გრანტ მიქაელიანმა. „საქართველოში მცხოვრები სომხები იძულებით დადგნენ პროსახელისუფლო განწყობაზე იმ ზეწოლის გამო, რომელიც მათზე მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. უნდა ითქვას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობა შედარებით ნაკლებად არღვევს სომხური თემის უფლებებს. ამასთან დაკავშირებით სომხური მოსახლეობის სიმპათიები მმართველი პარტიის მხარესაა“, – განაცხადა ექსპერტმა.

გრანტ მიქაელიანის თქმით, საქართველოში სტაბილური ხელისუფლების არსებობით დაინტერესებულია აგრეთვე თვით სომხეთიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ საქართველო  უფრო აქტიურად ჩაებმება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ რეგიონულ ეკონომიკურ პროექტში: „ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე შეინიშნება საქართველოს მოსახლეობის სიმპათიის პოზიტიური დინამიკა სომხეთის მიმართაც. დღევანდელი მდგომარეობით, სოციოლოგიურ გამოკითხვებში მონაწილეთა 10% დადებითად მიიჩნევს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლია“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გრანტ მიქაელიანის აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში შექმნილი არასტაბილური სიტუაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდეს. ექსპერტმა იმავდროულად არ გამორიცხა მოვლენების არაპროგნოზირებული პროცესები და სიტუაციის განვითარების მოულოდნელი სცენარები იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საპარლამენტო მართვის ფორმაზე გადასვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სამჯერ შეიცვალა.

„დღეს ქართულ ოპოზიციას ქუჩაში 3-4 ათასი ადამიანის გამოყვანა თუ შეუძლია. ამ საპროტესტო აქციის თავისებურება იმაშია, რომ მის მამოძრავებელ ძალას ძირითადად ორი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათმა თანამშრომლობამ ქვეყანა შეიძლება ახალ რევოლუციამდე არ მიიყვანოს, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პროვოცირება ნამდვილად შეუძლია“, – თვლის  ერევნის კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტი.

———

წყარო: https://newsarmenia.am/news/politics/ekspert-rasskazal-o-pozitsii-gruzinskikh-armyan-po-proiskhodyashchim-v-gruzii-politicheskim-protsess/