თეა წულუკიანი: კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს

0
228

„2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

მინისტრის თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს, „ოპოზიციას კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს“.

მისივე თქმით, ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი და მაჟორიტარული არის კარგი სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, ეს არსებობს აშშ-შიც. „ჩემი სიმპათიები ყოველთვის იყო მაჟორიტარული სისტემისკენ.

უბრალოდ საჯაროდ არ დამიგმია ნულოვანი სისტემა იმიტომ, რომ პრობლემა არ შემექმნა გუნდის უმრავლესობისთვის, რადგან გუნდის შიგნითაც მყიფე კომპრომისი იყო. უმრავლესობის უმრავლესობა ემხრობოდა ნულოვან ბარიერს, რომლის იდეაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

„მე ვსაუბრობდი იმ მიუღებელ მოდელზე, რომელიც გულისხმობს ნულოვან ბარიერს და არა პროპორციულ არჩევნებს – კარგია, რომ ეს მოდელი არ შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვესწრებოდი, როდესაც გაცხადდა ამის შესახებ და ვთვლიდი, რომ ეს იყო კეთილშობილური, პოლიტიკური და ძალიან დემოკრატიული წამოწყება.

მაგრამ მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც არსებობს უბარიერო, პროპორციული მოდელი. მით უმეტეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ ძალას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს. ძალიან რთულია, ამ ძალასთან რამეზე ისაუბრო. ირბინონ ბოქლომებით, არ არის პრობლემა. მთავარია, კანონი არ დაარღვიონ და არ მოინდომონ ის, რაც სურთ – გადატრიალება. არაფრის გადამტრიალებლები არ არიან, აქ სახელმწიფოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება სრულად მაჟორიტარული სისტემის იდეას, წულუკიანის განცხადებით, ჯერ არ აქვს გაანალიზებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ასეთი მოდელები არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში.

„თუმცა მთავარია, მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს წინა პლანზე ყველა განვითარებულ სისტემაში. ახლა როდესაც ბოქლომიანები გვაიძულებენ, მივოშოროთ ეს სისტემა, ეს მათი ვიწროპარტიული ინტერესია და გათვიცნობიერებული აქვთ, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლება ბოქლომებით სირბილამდეა დასული.

ბევრი რამ ჩვენი ბრალია-კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს. დღეს ვფიქრობ, დადგა დრო, როცა 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ, რომ ეს არის წარსული ძალა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. ოპოზიცია სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას შენობებზე ბოქლომების დადებით ცდილობს.