ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ აპირებს

0
186

პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ არც საპროტესტო აქციებში და არც რაიმე სახის ექსცესებში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარი პოზიცია გამოხატონ და აქცია გამართონ.

„იმედი მაქვს, რომ კანონსა და კონსტიტუციას არ დაარღვევენ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის. რას გეგმავენ, როგორ გეგმავენ და რატომ აკეთებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის დახასიათება საინტერესო არ არის, ვისთან ერთად დავდგები და როგორ დავდგები, მიმაჩნია, რომ ცუდი რამე მოხდა, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილებაში გავემიჯნე, რადგან ჩემთვის მმართველ გუნდში გატარებული რვა წელი სულერთი არ არის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ გააკეთა.