საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების ნაწილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – სუს-ი

0
183

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებენ სუს-ში.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – აღნიშნავენ სუს-ში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ე.წ. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მათზე ზეწოლა უპერსპექტივოა“.