კახა კალაძე – თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ მოხდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება

0
378

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საკონსტიუტუციო ცვლილებები ჩავარდება და საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საგანგაშო ამაშიც არაფერია“ და საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

„ჩემს აზრს გეუბნებით, თუ ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჩავარდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით. თუმცა ქვეყნისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო. ამერიკის საელჩოს განცხადებაში ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. რა მითითებაც ჰქონდათ მიცემული, ოპოზიცია უნდა მიხვდეს რაზე იყო საუბარი იმ განცხადებაში“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს.

„ქალაქის მერი ვარ და ვადგრძელებ ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, ძალიან დიდი ვალდებულება ქალაქის და თბილისელების წინაშე და ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი“, – განაცხადა კალაძემ.