საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება

0
219

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.