თეა წულუკიანი – ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

0
216

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს.

„როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა. სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.