სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

0
214

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მათ 18 მაისიდან მოუწევთ. სწორედ ორშაბათიდანაა ნებადართული ამ პროფილის დაწესებულების მუშაობა.

ძირითად რეკომენდაციებს შორისაა შემდეგი სტანდარტები: რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნას წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. საერთო სივრცეში ხუთ კვადრატულ მეტრზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი. ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულებისა და ვიზიტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ.

შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერები. ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბარათს.

იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგალითად სახის პროცედურის დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, მომსახურების გამწევი პირი კი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება. მან ასევე უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით – ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვა. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ოთხ საათში ერთხელ. სამუშაო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.

მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით.

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

დასაქმებულები ვალდებულები არიან, იზრუნონ ხელების ადეკვატურ ჰიგიენაზე, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. თავი შეიკავონ თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, მუშაობის პერიოდში კი თმა მჭიდროდ შეიკრან, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.