გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს – სიმონ ნოზაძე

0
168

გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

„მთლიანად პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის 27 წარმომადგენელია, ორივე ფრთას ვგულისხმობ. რჩება 133 დეპუტატი და აქედან 113 ხმაა საჭირო. თუ კი ქალბატონი ინაშვილის ფრაქცია მხარს დაუჭერს, ასევე მხარს დაუჭერს უმრავლესობიდან გასული ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, მაშინ სავსებით შესაძლებელია, ამ ცვლილების გატანა, ვადებში კი ჩავეტევით“,- განაცხადა ნოზაძემ.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან და უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი კობახიძისგან აქვს ინფორმაცია, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე შეთანხმება არ ყოფილა.

„როცა ცვლილებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირადად მე არ ვესწრებოდი, თუმცა ბატონი თალაკვაძე და კობახიძე როცა ამ შეხვედრიდან დაბრუნდნენ და ოპოზიციამ გაავრცელა ხმა, რომ
შეთანხმდნენ და მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, ჩვენი უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მათ ეს კითხვა დავუსვით: თქვენ რა, აღიარებთ, რომ ვინმე პოლიტპატიმარია? ან რომ იყოს, იმის უფლება გვაქვს, რომ მართლმსაჯულებას მიუთითო, ჩაერიოს ამ საქმეში? პასუხად გვითხრეს, რომ ამგვარი კომენტარი არსად არ გაუკეთებიათ და შეთანხმება ამ საკითხზე არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ამგვარი რამე მათგან არ გამიგია. ამასთანავე, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ იმ შეხვედრებზე, რომელსაც თვითონ ესწრებოდა, არც კობახიძეს და არც თალაკვაძეს თანხმობა არ განუცხადებია ამ თემაზე“,- აცხადებს ნოზაძე.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

„პოლიტპატიმრები, რა თქმა უნდა, არ არსებობენ. ჩემი პოზიციაა – ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, შეუძლიათ თავიანთი წარმომადგენლები, გამომძიებლები და პროკურორები გამოაგზავნონ და შემდეგ შეისწავლონ ის მასალები, რომელშიც ბრალი ედება სამ დაკავებულს. კი, ისინი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინდულგენციას ღებულობ დანაშაულის ჩადენაზე. ელჩების მხრიდანაც ხდება ამ თემაზე საუბრისგან თავის შეკავება, რადგან ამ თემაზე შეთანხმება არ ყოფილა. როგორო სათქმელია ახლა რომელიმე ელჩისგან, რომ მიუთითოს ამა თუ იმ სახელმწიფოს პარლამენტს, რომ შენ მართლმსაჯულებაზე მოახდინე ზეწოლა და გამოაშვებინე ესა თუ ის პიროვნება. ისინი თავიანთ ქვეყნებში ამას გააკეთებენ? მოდი, მივეჩვიოთ იმას, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის საგარეო და საშინაო კურსს თავად განსაზღვრავს. თუმცა მეგობრებთან ერთად განსაზღვრავს და მეგობრების მხარდაჭერის იმედი აქვს და არა ის, რომ მის საშინაო საქმეებში ვინმე ჩაერიოს“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.