ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი სტრატეგიული პროექტია, სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი, მეორეჯერ ვენდოთ კონსორციუმს, ეს საკითხი დახურულია – ნათია თურნავა

0
219

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტია.

„ეს იმდენად ცნობილი ფაქტია, რომ ამას ზედმეტად გახსენება არ სდჭირდება. ჩვენთვის ესაა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტი. მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია, საინვესტიციო პოლიტიკა დიდად იქნება აწყობილი იმაზე, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავისი წარმოების ლოკაციებს, ხდება გადატანა წარმოებების ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი, ჩვენთან გადმოვატანინოთ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ამ თვალსაზრისით, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საქართველოს მიმზიდველობა სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობით არის განპირობებული.

„გვაქვს გასასვლელი შავ ზღვაზე და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, პოსტ კოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა, როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასტრუქტურას, რაც იქ განვითარდება.

ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე, ჩვენ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რა თქმა უნდა, ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ჩვენ ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, ისევე როგორც  მსოფლიოში ყველას, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან, ტენდერს აუცილებლად გავმართავთ და ახლა პოსტ კორონა პერიოდში სწორედ ამ მიზეზით, რაც მე დავასახელე – რომ ჩვენი მდებარეობა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რატომაც გადმოვლენ აქ კომპანიები, ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ექნება და როგორც სტრატეგიული პროექტი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, თურნავას თქმით,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მთავრობის მხარდაჭერა, რათა დადგენილ ვადებში პორტის პროექტი დაეწყო და დაესრულებინა.

„ეს ვადები კიდევ 7-ჯერ გადავუწით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ წუთში საფუძველი, რომ მეორეჯერ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“, – განმარტა ნათია თურნავამ.