სილამაზის სალონები ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტანციის დაცვით იმუშავებენ

0
203

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად გახსნას.

მისივე თქმით, სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო.

ამასთან, თურნავა ამბობს, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული.

„თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, როგორც კი ამის საშუალება გვეძლევა, უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სექტორი.

სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების, ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

დღეს ჩვენ ვხედავთ, ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც და ჩემს კოლეგებს ბევრ ბიზნესთან, მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცედურები იმოქმედებს სილამაზის სალონებში ამუშავების შემდეგ.

„უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება.