ჩვენ უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ წარმოება ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება – პრემიერი

0
163

ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად არამხოლოდ ტურიზმში, არამედ სოფლის მეურნეობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა სულ უფრო და უფრო სწრაფად უნდა დაუბრუნდება ნორმალური ცხოვრების წესებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად არამხოლოდ ტურიზმში, არამედ სოფლის მეურნეობაშიც. მოგეხსენებათ, პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, სოფელზე ზრუნვისა და ფერმერებზე ზრუნვის, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, რომ არამხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვეულებრივად ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.