საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

0
146

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულია 1939 წელს დაბადებული, 81 წლის ქალბატონი.

„დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.