ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს [ვიდეო]

0
202

ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა.

ვიდეორგოლში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქართველი ექიმი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში დააკავეს – იმ ნაწილში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია.

ვიდეომიმართვაში ახალგაზრდა სტუდენტებთან და ლატვიელ ექიმებთან ერთად მონაწილეობენ ლატვიის ევროპული მოძრაობის, ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და ბალტიის შავი ზღვის ალიანსის წევრები.

ვიდეორგოლში ერთმანეთს ლატვიის მოქალაქეები ენაცვლებიან და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვაში, ასევე, მონაწილეობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც. ტომას ჰენდრიკ ილვესი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ექიმისთვის მხრიდან იმ პირების დახმხარება, რომლებსაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვთ, ფიცის ნაწილია.

ვიდეორგოლში, ასევე, მონაწილეობს ლატვიის ევროპული მოძრაობის პრეზიდენტიც. ანდრის გობინსი აცხადებს, რომ საქართველოში, რომელიც ლატვიასგან არც თუ ისე შორს მდებარეობს, ტერიტორიების დიდი ნაწილი ამ დრომდე ოკუპირებულია; ამ რეგიონებში კი ხალხი ქრება, ისინი პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან.

ლატვიის ევროპული მოძრაობის პრეზიდენტი საკუთარ მიმართვას შემდეგი სიტყვებით ასრულებს –  „თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“

ვიდეოგროლში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.