შენობა, რომელიც „მთავარმა არხმა“ ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებად გაასაღა, სხვისი აღმოჩნდა – რა გაარკვია POSTV-მ

0
187

მორიგი ფეიკ-ნიუსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა „მთავარი არხის“ ეთერში – POSTV-იმ გაარკვია, რომ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა, სადაც რამდენიმე ხნის წინ მკვლელობა მოხდა, შპს – „ნიუ მონოპოლს“ ეკუთვნის და 4 მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არ არის ალექსანდრე ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული პირი.

POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთებსა და შენობას შორის, სადაც დანაშაული მოხდა, მანძილი სულ მცირე 120 მეტრია.

„ისეთი გამოცდილი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, როგორებიც მთავარ არხში მუშაობენ, რთული არ უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში გაერკვიათ, შენობა რომელშიც მკვლელობა მოხდა, ეკუთვნოდა თუ არა ალექსანდრე ივანიშვილს. თუმცა ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ, ფეიკ ახალი ამბების სააგენტოს, პრესა.ჯი-ს მოძიებულ ინფორმაციებს დაეყრდნენ და კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს“ – ამბობს POSTV-ის სიუჟეტის ავტორი.

სიუჟეტის თანახმად, პრესა.ჯიმ, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მოიპოვა ოფიციალური და გასაიდუმლოებული მონაცემები საჯარო რეესტრიდან, საიდანაც მიაკვლიეს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა აპრილის დასაწყისში თბილისში, კერძოდ, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, 34 ნომრის მიმდებარედ, 2438 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

POSTV -მ საჯარო რეესტრში გაარკვია, რომ ალექსანდრე ივანიშვილის სახელზე 2 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული – ერთი – 2033 და მეორე – 425 კვადრატული მეტრი. დოკუმენტების თანახმად, ეს მიწის ნაკვეთები ალექსანდრე ივანიშვილმა გიგი უგულავას მერობის დროს შეიძინა, მათ შორის ერთ-ერთი საჯარო აუქციონზე.

„რაც შეეხება პრესა.ჯის ბრალდებას, ის რაც აპრილის დასაწყისში მოხდა, იყო ამ ორი, გვერდი-გვერდ მყოფი ნაკვეთის გაერთიანება და არა მიტაცება, ან ყიდვა. იმის გამო, რომ მკვლელობის ადგილს და ალექსანდრე ივანიშვილის ქონებას ერთი და იგივე მისამართი აქვთ – ალ. ყაზბეგის ქუჩა, „მთავარმა“ გადაწყვიტა დაყრდნობოდა პრესა.ჯი-ს ტყუილებს და საზოგადოებას კვლავ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთები და შენობა რომელშიც დანაშაული მოხდა, ერთმანეთისგან მოშორებით დგას. მათ შორის მანძილი სულ მცირე 120 მეტრია. ეს შენობა შპს – „ნიუ მონოპოლს“ ეკუთვნის და 4 მესაკუთრე ყავს, მათ შორის არცერთი არ არის ალექსანდრე ივანიშვილი და არც მასთან დაკავშორებული პირი“ – ამბობს სიუჟეტის ავტორი.