საგარეო უწყება: TikTok-ზე ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე ვმუშაობთ

0
175

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok-ზე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა, ამიტომ TikTok-თან ხარვეზის გამოსწორებაზე აქტიურად მუშაობენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალურ ქსელ TikTok-ის საკითხზე, როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.