მიხეილ სააკაშვილის საეჭვო პოლიტიკური დაბრუნება: პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ცეცხლს ეთამაშება – “Wiener Zeitung“

0
374

ავსტრიულ გაზეთ «Wiener Zeitung»ში („ვენის გაზეთი“)  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის საეჭვო პოლიტიკური დაბრუნება: პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ცეცხლს ეთამაშება“ (ავტორი – მაია იანიკი, პოლიტიკური ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თითქმის უკვე დავიწყებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ – „მიშა“ – სააკაშვილი პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდა: ამ დღეებში იგი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა პრეზიდენტის განზრახვა – მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი ყოფილიყო, პარლამენტში მისივე პარტიამ ჩაშალა. აღმასკომის თავმჯდომარეობის დადასტურება-დამტკიცება კი ვერხოვნა რადაში არ ხდება.

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სარბიელზე ბევრმა შეიძლება გარკევულ მოულოდნელობად მიიჩნიოს, მაგრამ ამის ნიშნები ბოლო თვეების განმავლობაში აშკარად ჩანდა. ხმები საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, როცა ყოფილმა ქართველმა პოლიტიკოსმა 2019 წელს თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, პარლამენტის არჩევნებში ხმა ვლადიმერ ზელენსკის პარტიას მიეცითო. მართალია, პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი არ იქნა შეყვანილი, მაგრამ იგი იმედს არ კარგავდა. ბოლო დღეების ფაქტიც ამას ადასტურებს: სახეზეა უკრაინული დრამის ახალი აქტი: მკვდრად ჩათვლილი „მეფე-მზის“ რეინკარნაცია.

დიდი ხმაური მიშას ირგვლივ

როგორი ექსტრავაგანტური და დინამიურია მიხეილ სააკაშვილი, მისი პოლიტიკური კარიერაც ისეთივეა: იგი ცნობილი გახდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, როცა საქართველოში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაემხო და თვითონ გახდა ქვეყნის მეთაური. პრეზიდენტის პოსტზე ცხრა წლის განმავლობაში ყოფნისას მან რეფორმების გამტარებლის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერისა და რუსეთის მოწინააღმდეგის სახელი მოიპოვა, მაგრამ როცა მოსახლეობის პროტესტის გამო თავისი პოსტიდან წავიდა, 2013 წელს, მის წინააღმდეგ, კორუფციისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

იმ ხანებში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკვე დასრულდა, მაგრამ მალე იგი უკრაინაში, თავისი ძველი მეგობრის, პრეზიდენტად არჩეულ პეტრო პოროშენკოს გვერდით გამოჩნდა. მეგობარმა მეგობარი ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მაგრამ დიდი დრო არ გასულა, რომ  „უკრაინული ნათლიმამობის წინააღმდეგ მებრძოლში“ პეტრო პოროშენკომ თავისი სიმშვიდის სახიფათო დამრღვევი ამოიცნო. შედეგი ცნობილია: მიხეილ სააკაშვილი გარკვეული დროით ქვეყნიდან გააძევეს და იგი მოქალაქეობის არმქონე პიროვნებად იქცა.

ტაქტიკური მანევრი

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკი არასასიამოვნო სიტუაციაშია – უკვე ერთი წელზე მეტი გავიდა და მისი დაპირებები არ სრულდება: დონბასში ომის დამთავრებას პირი არ უჩანს, მოსახლეობის ცხოვრების დონე უარესდება, ყოველდღიურად მატულობს ეკონომიკური პრობლემები, უკრაინა ისევ ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება. შესაბამისად, პრეზიდენტის რეიტინგიც ეცემა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას 8 მილიარდი დოლარი გამოუყო, მაგრამ, სამაგიეროდ, რეფორმების გატარებას ითხოვს. ვინ უნდა გაატაროს რეფორმები? იმან, ვისაც გამოცდილება აქვს და ამ შემთხვევაში ჩაითვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი – კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, „უშიში, ვითარცა უხორცო“, სწორედ რომ ზედგამოჭრილია. მას ხომ უცხოური ფინანსური დახმარებისა და ინვესტიციების მიზიდვაც შეუძლია უკრაინის ეკონომიკაში… თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე უნდა დანიშნულიყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ ზელენსკის უფრო სხვა დიდი რამე ჰქონდა (ან ისევ აქვს) დაგეგმილი…

მხსნელი და დამღუპველი?

როგორი რეალურიც არ უნდა იყოს ვლადიმერ ზელენსკის მოქმედების მოტივები, მისი გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურ ნაღმს წააგავს. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკაში ბევრის უკმაყოფილებას იწვევს. ის, რომ მიშას მშობლიურმა ქვეყანამ საქართველომ პროტესტი გამოხატა, ეს ზელენსკისთვის ყველაზე „მცირე ბოროტებაა“, რადგან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაწყდება და აშკარაა, რომ ეს პროტესტი რაიმე მასშტაბურ პოლიტიკურ პრობლემებს არ გამოიწვევს.

უფრო რთული იქნება იმ სავარაუდო პოლიტიკური დაძაბულობისადმი გამკლავება, რომელიც უკრაინაშია მოსალოდნელი. ამაში ვლადიმერ ზელენსკის სკეპტიციზმი კიდევ უფრო გამყარდა, როცა ვერხოვნა რადამ მიხეილ სააკაშვილის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. ასევე არ არის გამორიცხული ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილსა და არსენ ავაქოვს შორის მომხდარმა კონფლიქტმა ისევ იფეთქოს. პეტრო პოროშენკოს მმართველობის დროს მათ შორის მუდმივად ხდებოდა მწვავე დავა, რაც 2015 წელს ერთმანეთთან ჭიქების სროლით და წყლის შესხმით დაგვირგვინდა.

არსენ ავაქოვი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 2014 წლიდან მუშაობს, პეტრო პოროშენკოს დროინდელი ერთადერთი მინისტრია, რომელმაც ვლადიმერ ზელენსკის მთავრობაში თანამდებობა შეინარჩუნა. იგი მაშინაც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მინისტრად ითვლებოდა და ახლაც ასეა. შესაძლოა მას თავისი ამბიციები აქვს ხელისუფლებაში გავლენის გასაფართოებლად. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში ვლადიმერ ზელენსკი შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ეროვნული გვარდია ჩამოეცილებინა, რომელიც უშუალოდ არსენ ავაქოვმა შექმნა 2014 წელს, მაგრამ უშედეგოდ.

პოლიტიკური იმპროთეატრი?

ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი არსენ ავაქოვის დასასუსტებლად გამოიყენოს, თუმცა ასევე შესაძლებელია მოხდეს კონფლიქტი თვით ვლადიმერ ზელენსკისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილის გეგმები ვლადიმერ ზელენსკის გეგმებს არ დაემთხვევა.

ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით უკრაინულ დრამაში ახალი აქტი დაიწყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პიესის თამაში სცენარის მიხედვით წავიდეს, ჩვენ შეიძლება გარკვეული იმპროვიზირებული თეატრის მაყურებლები გავხდეთ, სადაც მოვლენათა განვითარება თვით სპექტალის მონაწილეებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.wienerzeitung.at/meinung/gastkommentare/2060303-Ein-fragwuerdiges-Polit-Comeback.html