სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალება

0
351

2020 წლიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ.

„არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და ცალკეულ ექსპერტებს ჰქონდათ. ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა 2019 წლის განმავლობაში ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, რაც ნიშნავს, რომ პასიური მოწევის გამო აღარ ადგებათ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როგორც ეს მანამდე იყო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. საზოგადოებამ ეს რეგულაცია ძალიან დადებითად მიიღო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს რეგულაციებს, მათ შორის, მწეველთა ნახევარი. ზაფხულის განმავლობაში 95% იყო კანონის აღსრულება, მაშინ როცა ზამთარში შარშან 87%-მდე დაეცა. ესეც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეს გახლავთ და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს, მაგალითად, სტადიონებზე აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ასევე აკრძალულია უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გვინდა მოვითხოვოთ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. სასტუმროებში იკრძალება ასევე სრულად, აქამდე დატოვებული იყო ნომრები, ახლა უკვე იკრძალება სრულად“, – განაცხადა დეპუტატმა.