6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება

0
206

საქართველოს შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ცლილების თანახმად, 6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება იკრძალება. პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

ამასთან, ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს და ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს ერთ დამსაქმებელთან სტაჟირება მხოლოდ ერთხელ გაიაროს.

ეს მუხლი ასევე განსაზღვრავს სტაჟიორის დეფინიციას. „სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“ – მითითებულია ცვლილების ნაწილში.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება.

ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.