ოპოზიცია დღეს კონსულტაციებს განაახლებს

0
169

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს დღეს განაახლებს. შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაიმართება.

ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება.

„პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, რადგან 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა ორივე კომპონენტს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.