ირაკლი ჩიქოვანი – მოწოდებები კანონის დარღვევისკენ არის უპასუხისმგებლობა

0
183

მოწოდებები კანონის დარღვევისკენ არის უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სვლას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. რიგ შემთხვევაში, ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცედენტო ხასიათი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, მმართველ გუნდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„იყო რამდენიმე შეხვედრა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ჩვენს პარტნიორებს, არსებობდა სხვა კომუნიკაციაც. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით პარტნიორებთან, რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ იმ მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან. გადაწყვეტილებამ, რომელიც იქნა მიღებული პოლიტიკური ძალის მხრიდან, სამწუხაროდ, ვერ მიიღო სრული მხარდაჭერა პოლიტიკური გუნდის. ამასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც გასაგებია. ზოგიერთმა წევრმა დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც გასაგებია და არ არის მისასალმებელი ფაქტი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.