არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უხარიათ ქალაქის განვითარება, ქვეყნის წარმატება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ – კახა კალაძე

0
278

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ფაზით გათვალისწინებულ სამუშაოებს გაეცნო.

კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან სამუშაოების ბოლო ეტაპი ხორციელდება, რაც გულისხმობს ჭების თავების წამოწევას, რომ ბოლო ფენის დაგებისას, ასფალტთან გათანაბრებული იყოს.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული კეთდება იმისათვის, რომ ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება.

„მანამდე ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან მაშინ გადაადგილება იქნებოდა შეუძლებელი, პრობლემას შეუქმნიდა იმ ავტომობილებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ამ მონაკვეთით. იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირი საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია. ჭის თავი დაფარული იყო ასფალტის ქვემოთ, ქვედა ფენა იყო დროებით დაგებული. როცა უკვე სამუშაოების ბოლო ეტაპი ხორციელდება, ეს უნდა წამოიწიოს ზემოთ და ასფალტის ზედა ფენას გაუსწორდეს, რათა ავტომობილმა, რომელიც გაივლის, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება, თვითონ ჭის სახურავზეც კი. ჩვენ კი გავავრცელეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუმცა დამატებით განმარტებებისთვის დღევანდელი ჩვენი ჩართვა არის მნიშვნელოვანი, რომ ბნელმა ძალებმა არ ისარგებლონ ამ კონკრეტული სამუშაოებით და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

მთელ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პირველი ეტაპი დამთავრებული იყო და მიმდინარეობდა სხვა სამუშაოები – საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, მიწისქვეშა ურნები ნარჩენებისთვის,  მთლიანად გამზირზე იქნება ეს ყველაფერი, ამ ტიპის ნარჩენების ურნები განთავსებული, რომელიც არის სეპარირებული, სხვადასხვა ტიპის, ბოთლი ცალკე იქნება, ქაღალდი ცალკე. სხვადასხვა ტიპის ურნები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ გადაინაცვალა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმინდარეობს, კერძოდ, მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„ამ კვირის ბოლოსთვის ქვედა ფენებში იქნება მოქცეული ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს. იქაც მთლიანად იქნა შეცვლილი წყლის, გაზის, სანიაღვრე სისტემა, საკანალიზაციო“, – აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, რომელიც კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა, განმარტა, რომ ტროტუარებზე ძირითადად ორი სახის ქვა არის გამოყენებული – ტრავენტინი და ბაზალტი.

„თუმცა თვითონ ტროტუარი არის დაახლოებით ათი სხვადასხვა ზომის ფილებისგან შემდგარი, რაც გარკვეულწილად სილამაზეს და ეფექტს აძლევს ამ ტროტუარს, რომ არ არის ერთი, სტანდარტული ზომის ფილები“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან, კალაძემ განმარტა, რომ ჭავჭავაზის გამზირის დიდ ნაწილზე უკვე დასრულებულია საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები.

„თუმცა, ბოლო ეტაპი, რაც არის დარჩენილი, რა თქმა უნდა, იქ ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. სადაც ზებრა გადასასვლელები იქნება მოწყობილი, იქ, რა თქმა უნდა, ყველგან პანდუსებია გაკეთებული, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს, ასევე მშობლებს, ვინც თავიანთ შვილებს გადაადგილებაში ეხმარებიან, უპრობლემოდ ჰქონდეთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილების შესაძლებლობა. დარჩენილი სამუშაოების ბოლო ეტაპი იქნება განათების ბოძები, რომლებიც მთლიანად შეიცვლება, გამწვანებითი სამუშაოები, რომელიც ასევე  ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ახალი ხე-მცენარეები იქნება განთავსებული, ასევე სილამაზითაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროექტებმა, რომლებიც განვახორციელეთ ქალაქში გამწვანების მიმართულებით, ძალიან გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი გვაქვს სახეზე. არ ვჩერდებით ამაზე და ვაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით გამწვანების სამუშაოებს.

ეს მინდოდა მეთქვა ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, დრო დასჭირდა ამ პროექტის განხორციელებას, რადგან ჩვენ გვიწევდა მოსახლეობის გათვალისწინება. მთლიანად რომ ჩაგვეკეტა გამზირი, სერიოზული პრობლემა იქნებოდა და კოლაფსს გამოიწვევდა დედაქალაქისთვის. შესაბამისად, მოგვიწია, კონკრეტულ მონაკვეთებად დაგვეყო მთლიანად გამზირი და ეტაპობრივად განგვეხორციელებინა პროექტი, რომ სამუშაოების თვალსაზრისით არ შექმნილიყო პრობლემები.

ძალიან მალე მთლიანად იქნება დამთავრებული. შეიძლება ითქვას, რომ არის ისტორიული პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ მემგონი, მიწისქვეშა კომუნიკაციები რაც კი გაკეთდა გამზირზე, მას შემდეგ არ შეცვლილა. იყო რაღაც ინდივიდუალურ ლოკაციებზე შეკეთებითი სამუშაოები, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს.

„მეამაყება, ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მისი განხორციელება. მინდა, მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან მარტივი არ არის, ხმაურში, მტვერში ცხოვრება, მაგრამ ადამიანები ამას კარგად ხედავენ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ტარდებოდა მთელი ამ ხნის განავლობაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ ყველგან ერთნაირი მიდგომა გვაქვს, ქალაქის ცენტრალური ქუჩა იქნება, თუ გარეუბანი, ყველგან ვცდილობთ, რომ ძირეულად იყოს წარმოებული სამუშაოები თავისი კომუნიკაციებით, რაც შესაცვლელია, ყველაფრის განახლებით, რომ შემდეგ ორ-სამ კვირაში ისევ არ მოგვიწიოს კონკრეტულ ადგილზე და ლოკაციაზე მიბრუნება“, – განაცხადა კალაძემ.

მან მოსახლეობას მიმართა, არ დაუჯერონ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის წარმატება და ქალაქის განვითარება არ უხარიათ.

„არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, ქალაქის წინსვლა, არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქვეყნის წარმატება. მიუხედავად მათი სიცრუებისა, არ მივცემთ შესაძლებლობას ადამიანებს, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვართ აქტიურები და ვაპირებთ ასე გაგრძელებას, რათა თქვენ იცოდეთ, რა ხდება ქალაქში, რა პროექტები ხორციელდება, როგორ მიდის, რომელ პროექტს რა პრობლემა აქვს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.