დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად გაცემის პროექტის ინიციატორი გიორგი გახარია იყო და მომავალ წლებშიც გაგრძელდება – ლევან დავითაშვილი

0
210

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს მომავალშიც ექნებათ.

„ამ პროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

მინისტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

მინისტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.