სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს პროგრამას, რომლითაც 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს, პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია

0
229

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავიუთაშვილის ინფორმაციით,  იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“.

პროგრამა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით, ანუ აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება, ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე დასარგავი მასალები.

ხოლო 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად. პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2 000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200 000-მდე ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.