ადამ კინზინგერი – აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ

0
173

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი 8 მარტის შეთანხმების შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დღევანდელ განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს იდეალური ნათქვამია. აუცილებელია, რომ საბოლოოდ ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.