“თბილისი პრაიდი“ 17 მაისს ონლაინ დემონსტრაციას გეგმავს

0
227

კორონავირუსის გამო 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ დემონსტრაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთ კრიზისულ ვითარებაში საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა მეტად მწვავდება და ამიტომაც ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო სწორედ ახლაა.

“მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ
ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო”, — აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად აჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან.

“ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვით არის შესაძლებელი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო! გაერთიანება სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური დისტანცირების პირობებშიც კი”, — ნათქამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

“ერთად გავიაზრებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. დემონსტრაციის მონაწილეებს შესაძლებლობა გვექნება გამოვთქვათ მოსაზრებები და/ან კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ხმა გავაჟღეროთ ყველამ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებმა და ემიგრაციაში მყოფმა თემის წევრებმა”, — ამბობენ ორგანიზატორები.