თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო და კერძო სექტორი ძალიან მალე დაუბრუნებს ტურიზმს მზარდ დინამიკას

0
205

დღეს აჭარას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესს, რომელიც ტურიზმიდან დაიწყება. ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აჭარაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს სტანდარტების შემუშავებას ტურიზმის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე, რაც აუცილებელია ტურისტული სეზონის უსაფრთხო წარმართვისთვის. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კრიზისის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მალე გახდება შესაძლებელი ტურიზმის სექტორმა დაიბრუნოს მზარდი დინამიკა.

„კრიზისის პირველივე დღიდან ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრია ამოგვიდგა მხარში და გვქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა. უკვე ყველა ვხედავთ, რომ ზოგადად ამ ინფექციას, კრიზისს აქვს შესაბამისი შედეგები, თუმცა ეს გარკვეულწილად არის გამოწვევა და შესაძლებლობა. დარწმუნებულ ვარ, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობით ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.